საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებებით, "პირველად ისტორიაში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ მოხსენებაში საქართველოს ხელისუფლება გაკრიტიკებული არ არის".
ამის შესახებ ფანჯიკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სტრასბურგიდან ჩართვისას განაცხადა. ის გამოეხმაურა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენებას საქართველოში კონფლიქტის შესახებ, რომელიც 29 მაისს გამოქვეყნდება.
"პირველად ევროპის საბჭოს და საქართველოს ისტორიაში, რაც კონსოლიდირებული მოხსენებები კეთდება, გენერალური მდივნის მოხსენებაში არ არის გამოთქმული არანაირი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და დადებითად არის შეფასებული ის ქმედებები, რასაც ახალი ხელისუფლება გადადგამს კონსოლიდირებული მოხსენებაში აღნიშნული საკითხების მიმართ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, გუშინ ჰქონდა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორიორნ იაგლანდთან და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"მან აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გახდა ბევრად უფრო კონსტრუქციული და ამის კონკრეტული მაგალითებია: 3-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მომავალი 3 წლის განმავლობაში ვიმუშავებთ; ამის გამოხატულებაა, აგრეთვე, ევროპის საბჭოს მზაობა, საქართველოში გამოაგზავნოს ექსპერტი, რომლის მიღების სურვილი ჰქონდა რეინტეგრაციის სამინისტროს კონკრეტულ, გარკვეულ საკითხებზე სამუშაოდ და მყისიერი თანხმობა მივიღეთ და ფაქტობრივად, ჩვენ უკვე ვიცით, ვინ და როდის ჩამოვა საქართველოში და ა.შ. და ის, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება არ ცდილობს, იყოს ევროპის საბჭოს მუშაობის შემაფარხებელი, არ ჩაუდგეს მას ჯიბრში და სწორედ კონსტრუქციული, პრაგმატული მიდგომით მიაღწიოს უფრო მეტს, ვიდრე მიაღწევდა დაპირისპირების ფორმატში. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე მონიტორინგის გაძლიერებაზე და იმედი მაქვს, რომ სწორედ კონსტრუქციული მიდგომის გათვალისწინებით, ევროპის საბჭო ბევრად უფრო მეტს მოახერხებს საქართველოში, ვიდრე აქამდე ახერხებდა", - განაცხადა ფანჯიკიძემ.