მადამ ფრანცუჟენკას გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე. ერთი ვიცით, სადაც თხრი, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ აქციაზე იხილეს გაკოტრებული რადიკალები, რომლებიც მოქალაქეებს ვერაფერს სთავაზობენ.
„გუშინ ვნახეთ გაკოტრებული რადიკალები, რომლებიც საპროტესტო აქციისთვის კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ და 2 000 ადამიანი ძლივს შეკრიბეს, სადაც ჟურნალისტები და პოლიციელებიც იყვნენ. ეს აჩვენებს, რომ გაკოტრებული არიან და მოქალაქეებს ვერაფერს სთავაზობენ. მოქალაქეებს ვეღარ ატყუებენ, ახალგაზრდებიც გაემიჯნენ. ვინც მათთან დგას, დაქირავებულები, აქტივისტები არიან. აგერ, გვირგვინი მადამ ფრანცუჟენკაა. რა უნდოდა? მისი გამოსვლა ოთხჯერ გადავახვიე და რა უნდოდა, ვერ გავიგე. იქ ვინც იყო, სტვენა იმიტომ დაიწყო, რომ ვერ გაიგეს, რა უნდოდა. ერთი ვიცით, სადაც თხრი, იქ თხრის, მაგრამ რას თხრის, გაგვაგებინოს. ჯერ ბოიკოტისკენ მოუწოდა, შემდეგ თქვა, ბოიკოტი შედეგს არ გვაძლევსო, ამ ხალხს აბნევს. ცხვირ-პირი მერამდენედ უნდა წაიმტვრიონ და მერამდენედ უნდა შერცხვეთ? ხელმოცარულებს აფინანსებენ და არ დაიღალნენ? ისე მაინც გააკეთონ, რომ პოლიტიკური სცენიდან ჩუმად გავიდნენ. დაფინანსებული არიან და ბანცალ-ბანცალით უნდა გამოვიდნენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთველის გამზირზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გეგმა არის ერთობა.
„ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მე მთხოვონ რაღაც არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ, ზეგ
ერთობა, ვიდრე ჩვენ ვერ მივაღწევთ შედეგს და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფერი სხვა ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა“.