ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ასლან მარგოშვილის მამა მერაბ მარგოშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს "ორმაგ თამაშში" ადანაშაულებს. როგორც მერაბ მარგოშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამინისტრო ალტერნატიულ ექსპერტიზაზე სიტყვიერ თანხმობას რამდენიმე დღეა, აცხადებს, თუმცა დაღუპულთა ოჯახების მიერ გაგზავნილ ექსპერტს არ იღებს.
"ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში საპროტესტო აქცია დაიშლება. თუმცა, ალტერნატიულ ექსპერტიზას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშეც ჩავატარებთ. ისინი უკვე მე-6 დღეა, თანხმობას აცხადებენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებაზე, მაგრამ ჩვენს მიერ გაგზავნილ ექსპერტებს არ იღებენ. ვიდრე ალტერნატიული ექსპერტიზა არ ჩატარდება, ბიჭები არ დაიმარხებიან", - განაცხადა მერაბ მარგოშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამების ექსჰუმაციის პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვაზე თანხმობა განაცხადა, - ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ქისტების ოჯახის წევრები და ახლობლები უკვე რამდენიმე დღეა სოფელ დუისის სასაფლაოზე არიან შეკრებილები და ხელისუფლებას ცხედრებისთვის ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვამების დაკრძალავს არ აპირებენ და აქციებით იმუქრებიან.
დუისის სასაფლაოზე დაკრძალული 7 გარდაცვლილიდან 3-ის საფლავი 8 მაისს გაიხსნა.