"შეწყდეს ბაიკერთა დევნა! "- ამ მოთხოვნით დღეს, თბილისში, მოტომოყვარულთა მსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ბაიკერები შეკრებას 14.00 საათიდან ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებენ, რათა მათი სიმრავლის გამო არ შეფერხდეს მოქალაქეთა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება. მსვლელობა 16.00 საათზე დაიწყება და ლისის ტბაზე სეზონის გახსნით დასრულდება.
ბაიკერთა მსვლელობის შესახებ, საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალურად მიმართა დედაქალაქის მერიას და აღნიშნული მსვლელობის ნებართვა მიიღო. მსვლელობის შესახებ ასევე ეცნობა დედაქალაქის საპატრულო პოლიციას.
ბაიკერთა მსვლელობა ეძღვნება სეზონის გახსნას, ის მშვიდობიანი ფორმით გამოხატავს შეშფოთებას და მოქალაქეობრივ პოზიციას უკანასკნელ ხანს, საპატრულო პოლიციის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოტომოყვარულთა წინააღმდეგ განხორციელებული უპრეცედენტო - სადამსჯელო, არამართლზომიერი ქმედებების გამო, რაც გამოიხატა სამართალდამცველთა, როგორც შინაგანაწესის დარღვევით - არასწორი მიმართვის ფორმებით, ისე მასობრივად საჯარიმო სანქციებით 500 ლარის ოდენობით და მოტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმევა-საჯარიმო სადგომზე გადაყვანით.
ამ დროისათვის, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოტომოყვარულთა მიერ გასაჩივრებულია ჯარიმების უმეტესი ნაწილი.
მოტომოყვარულები კვლავაც გამოხატავენ სრულ მზადყოფნას ითანამშრომლონ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, მომავალში ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და გამოთქვამენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ მოტოტრანსპორტით სარგებლობისათვის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებისა და უზუსტობების აღმოფხვრაში.
ბაიკერთა მსვლელობის მარშრუტია: ორთაჭალის ავტოსადგური - ვახტანგ გორგასლის პროსპექტი - ზ.გამსახურდიას პროსპექტი - ი.ჯავახიშვილის ქუჩა (ყოფილი ელბაქიძის) - რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედანი - რუსთაველის გამზირი - კოსტავას ქუჩა - ვარაზის ხევი - ი.ჭავჭავაძის გამზირი - მ.თამარაშვილის ქუჩა - ყაზბეგის გამზირი - ასათიანის ქუჩა - ზემო ვეძისი - ლისის ტბა.