შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი გ. დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ელი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს 1-ელი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს პისტოლეტები: -"ფერამუსი" და "ტე-ტე", "ეს-კა-ეს"-ის შაშხანა, კარაბინის 19 და "ბრაუნინგის" ტიპის პისტოლეტის 2 საბრძოლო ვაზნა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.