კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" ღამით მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია რესპუბლიკური საავადმყოფოდან სახლებში გაწერეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ზაზა გოროზიას მარჯვენა მტევნის ფალანგები აქვს დაზიანებული; გიორგი ვაშაძემ ჩხუბის დროს თავზე ჭრილობა მიიღო, ხოლო დავით საყვარელიძეს ცხვირის ტრავმა აქვს მიღებული.
ყველა დაზარალებულ დეპუტატს სამედიცინო დახმარება და გამოკვლევა ჩაუტარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას სახლში აგრძელებენ.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფე" მომხდარი დაპირისპირების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია დაშავდნენ, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფში გადაიყვანეს. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, დაპირისპირება მათ კლუბში მყოფ რამდენიმე პირთან მოუვიდათ, რომელთა ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთ-ერთი მათგანიც, გვარად მაზიაშვილი.
თვითმხილველთა ცნობით, კლუბში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც, თუმცა მათ თამარაშვილის ქუჩა დაპირისპირებამდე დატოვეს.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც. იქ მივიდნენ პარტიის სხვა ლიდერებიც, მათ შორის - დეპუტატი ირმა ნადირაშვილი, რომელსაც საავადმყოფოს ტერიტორიაზე მყოფი მოქალქეები აგრესიულად შეხვდნენ. გარდა ამისა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდნენ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, კობა სუბელიანი.