ესქპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის აზრით, "ის, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაასახელა, შეიძლება, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და ალასანიას შორის ძველი კონფლიქტის შედეგია".
ასე შეაფასა არეშიძემ "პირWელან" საუბრისას კოალიციის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად ალასანიას არწარდგენა.
"მათ ჰქონდთ უთანხმოება, რის შემდეგაც ურთიერთობა გაარკვიეს და უკვე ამის მერე, ცნობილი გახდა, რომ ალასანია თავდაცვის სფეროში დარჩებოდა. თავიდან კი, როცა საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ყველას ასე წარმოედგინა, რომ პრემიერი ივანიშვილი იქნებოდა, პარლამენტის თავმჯდომარე – დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტი კი – ირაკლი ალასანია", - აღნიშნა არეშიძემ.
რაც შეეხება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს, არეშიძე ფიქრობს, რომ მას თავდაპირველად, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვა გაუჭირდება.
"მარგველაშვილს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება არ აქვს და შესაძლოა, თავდაპირველად გაუჭირდეს, თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, მაგრამ შემდეგ ალბათ, ყველაფერს თავს გაართმევს. რაც შეეხება მის მახასიათებლებს, იგი ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელია", - აღნიშნა არეშიძემ.
ექსპერტი ფიქრობს, რომ მარგველაშვილი დიპლომატიურ ურთიერთობებშიც წარმატებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილება არ აქვს.
"უნდა ითქვას, რომ ის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) დამაარსებელია, ჯიპა კი ქართულ-ამერიკული პროექტია, რაც იმას გულისხმობს, რომ მარგველაშვილს ამერიკულ საგანმანთლებლო წრეებთან აქვს ურთიერთობა. თუმცა საერთაშორისო ასპარესზე მისი აქტიურობის შესახებ, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციის დონეზე, არაფერი მსმენია", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
არეშიძემ ასევე აღნიშნა, რომ მარგველაშვილი პრემიერის თანამოაზრეა და საპრეზიდენტო კანდიდატად მისი დასახელება გასაკვირი არაა.