საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს სერიოზულად ვერ განიხილავს.
ამის შესახებ ვაშაძემ "პირWელს" მარგველაშვილის კანდიდატურის შეფასებისას განუცხადა და დასძინა, რომ გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ დროებითი კანდიდატია.
"ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, უყურებს როგორ განვითარდება მოვლენები და შემდეგ თავის თავს დაასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატად", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, შეიძლება, გიორგი მარგველაშვილი ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ საპრეზიდენტო ტიპაჟი არ არის.
"მარგველაშვილს სერიოზულად ვერ განვიხილავ. არაა საპრეზიდენტო ტიპაჟი და თან როგორც ჩანს, ინტერესიც არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს", - განაცხადა დეპუტატმა.
კითხვაზე – რამდენად კონკურენტული იქნება გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატისთვის, ვაშაძემ აღნიშნა, რომ "ქართველი ხალხი რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს და რეალურ პრეზიდენტს აირჩევს".
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარადგინა.