პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოაცხადოს.
ამის შესახებ ივანიშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელების შემდეგ განაცხადა.
"კანონმდებლობას გავყვეთ. პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი უნდა გამოაცხადოს. მოვუწოდებ მას, რომ დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. რატომღაც ის ამას საიდუმლოდ ინახავს და კანონის მიხედვით ორი თვით ადრე გიორგი მარგველაშვილი თანამდებობას დატოვებს", - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეცვლის მარგველაშვილს განათლების მინისტრის პოსტზე, აღნიშნა, რომ არ უნდა ვიჩქაროთ, რადგან იქამდე კიდევ ორი თვეა.