დავით ზურაბიშვილი:  ვწუხვარ, რომ კარგი მინისტრი სამინისტროდან წავა

დავით ზურაბიშვილი: ვწუხვარ, რომ კარგი მინისტრი სამინისტროდან წავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი კარგი პრეზიდენტი იქნება. 

როგორც ზურაბიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მარგველაშვილისთვის პრეზიდენტობა დაწინაურებაა, თუმცა თავად წუხს, რომ კარგი მინისტრი სამინისტროდან წავა.

"ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილი ძალიან კარგი კანდიდატია. ერთადერთი ვწუხვარ, რომ კარგი მინისტრი მყავდა და წავა. ქვეყნისთვის კარგი პრეზიდენტი რომ იქნება, დარწმუნებული ვარ. კარგი მინისტრი იყო, კარგად უძღვებოდა საქმეს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია ვინ ჩაიბარებს განათლების მინისტრის პორტფელს. ზურაბიშვილი ვარაუდობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დასახელებამდე, გიორგი მარგველაშვილი სამინისტროში დარჩება.

"თუ ვინ გახდება განათლების მინისტრი, ამ თემაზე გაიმართება მსჯელობა და გადავწყვეთ. ჯერჯერობით, ალბათ ბატონი გიორგი დარჩება მინისტრად, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გამოცხადებული არ არის. როდესაც დასახელდება არჩევნების თარიღი, ბუნებრივია, იგი წავა სამინისტროდან და დაიწყებს საარჩევნო კამპანიას", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.