საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კლუბის 100%-იანი წილის გადაცემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა, - ამის შესახებ sportall.ge-ს "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ განუცხადა. მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობამ კლუბში ინვესტიციების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
"13 მაისს, 14:30 საათზე, ზესტაფონის გამგეობასთან კლუბის გულშემატკივრების აქცია გაიმართება. "ზესტაფონის" ქომაგები სოლიდარობას გამოთქვამენ ილია კოკაიას მიმართ და იზიარებენ მის განცხადებას, რომ ყველა კლუბი სახელმწიფოსგან თანაბრად უნდა დაფინანსდეს. გულშემატკივრები მოითხოვენ შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდნენ ზესტაფონის მაჟორიტარი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა", - აღნიშნა სერგო ფუტკარაძემ.
"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საკუთარი კლუბის დაშლას იმიტომ აპირებს, რომ ხელისუფლება კერძო გუნდებს ისე არ ეხმარება, როგორც "საბიუჯეტო" კლუბებს. მეორე მიზეზად კი ილია კოკაიამ საქართველოს ჩემპიონატში გარიგებული მატჩების არსებობა დაასახელა.