საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , პრეზიდენტმა ვეტოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება "სამოქალაქო კოდექსში" შესატან იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენა, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირებს ეცვლებათ სამართლებრივი ფორმა და შესაძლებელი ხდება მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა.
პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტსა და საკანონმდებლო ნორმას შეაჩერებს, საბოლოო გადაწყვეტილება მან 30 კალენდარულ დღეში უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – 31-ე დღიდან შეჩერებული ნორმები ამოქმედდება.
ეს ცვლილება პირდაპირ უკავშირდება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რადგან არსებობს მოლოდინი, რომ მას მოწინააღმდეგე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ხოლო სასამართლო კანონის მოქმედებას შეაჩერებს.