ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი წინა ხელისუფლების პირობებში უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე მონიტორინგს ვერ გასწევს.
ამის შესახებ ბიზნეს-ომბუდსმენმა გახარიამ დღეს რადიო "კომერსანტის" ბიზნეს-ქლაბში სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით რაიმე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ, რადგანაც იურიდიული პროცესები ამ საქმეებზე უკვე დასრულებულია და ბიზნეს-ომბუდსმენს ზედმეტად ჩარევის იურიდიული ბერკეტი არ გააჩნია.
"ასეთ საქმეებში, ძირითადად ფორმალური იურიდიული საქმე არის დასრულებული და ჩვენ არანაირი მექანიზმი და არანაირი ბერკეტი ამ იურიდიულად დასრულებულ საქმეებზე ზეგავლენა მოვახდინოთ, არ გაგვაჩნია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია არის, რომ მათ კონსულტაცია გავუწიოთ და მივანიშნოთ, თუ რა მიმართულებით და რა გზით უფრო იქნება ეფექტური ამ პრობლემის გადაწყვეტა", - აცხადებს გახარია.
მისივე თქმით, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების ნუსხა საკმაოდ დიდია, თუმცა თუ ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ მიმართულებით კონსულტაციის დონეზე მაინც მუშაობას პრიორიტეტად გაიხდის, მაშინ მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტას ვეღარ მოახდენს.
"ასეთი საქმეები ბევრია და ეს ჩვენთვის არის მაღალი რისკი. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ქონების სტატუსის საეჭვოდ შეცვლის 9 ათასზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული. ჩვენი რისკი კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ თუ ამ საქმეებში ჩავერთვებით კონსულტაცის დონეზე, რადგანაც იურიდიული მექანიზმები არ გაგვაჩნია, ეს ჩვენთვის ქმნის რისკს იმისას, რომ უფრო მეტ დროს დავუთმობთ იმ საქმეებს, რომლებიც მოდიან წარსულიდან. ამ დროს კი, შესაძლოა, მიმდინარე საქმეებზე კონტროლი "გაგვექცეს", - აცხადებს გახარია.