სათვალთვალო კამერების შეძენასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერს "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობაზე კონტროლის დამყარებით ხსნის.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხდა, შსს-მ უკვე გამოაცხადა ტოტალური კონტროლი საქართველოს მასშტაბით. "ამ სათვალთვალო კამერებს ისეთი პატარა ზომა აქვს, რომ რთულია მისი ღილისგან გარჩევა, ამიტომ ამას შეგვიძლია ღარიბაშვილის ღილებიც ვუწოდოთ. შსს ასეთი ბინძური ხერხებით ცდილობს ხალხის გაკონტროლებას", – აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, კამერები არის მინიმალური ზომის, ღამის ხილვადობით, ვიდეო და ფოტო ჩაწერის ფუნქციებით აღჭურვილი, რომელიც დისტანციურად იმართება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასეთი რამ ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი არ ხდება. "ამ ფონზე მოსახლეობას შეგვიძლია მხოლოდ ერთი რამ ვურჩიოთ, რომ ყურადღებით დააკვირდნენ ღილებს, იწერენ თუ არა, რადგან თვალთვალის გარჩევა რთულია", – აღნიშნა ვაშაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხეულზე სატარებელი 2900 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის შეძენაზე ტენდერი გამოაცხადა. ვიდეოსამეთვალყურეო კამერების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 131 000 ლარს შეადგენს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, თითოეული კამერა 40-მდე ტექნიკურ პარამეტრს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის - ჩანაწერის თითოეული ფაილის ხანგრძლივობა სტანდარტულ სიტუაციაში 30 წუთი უნდა იყოს; უნდა ჰქონდეს უნიკალური კოდის მქონე რადიოსიხშირული დისტანციური მართვის პულტი, მოქმედების მანძილი მინიმუმ 10 მეტრი, აღჭურვილი მინიმუმ 3 ღილაკით (ფოტოგადაღება, ვიდეოჩაწერის დაწყება, ვიდეოჩაწერის გაჩერება), ასევე უნდა ჰქონდეს დიქტოფონის რეჟიმი, არანაკლებ 32 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება და დავარდნისგან დაცვა.
კამერის წონა აქსესუარების გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 100 გრამს და უნდა მოყვებოდეს ქამარზე სამაგრი, სამხრეზე (პაგონზე) სამაგრი, ჩანთა, პლასტმასის ჩემოდანი, AV კაბელი, USB კაბელი და დამტენი. სატენდერო წინადადებების მიღება 24 მაისს დაიწყება და 29 მაისს დასრულდება.