გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს განცხადებით, "მიუხედავად ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მომხდარი ამასწინანდელი ცვლილებისა, საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგული რჩება".
ამის შესახებ ფულემ რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის სათაო ოფისში სტუმრობისას განაცხადა.
"ახალი მთავრობა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "სიტყვითაც" და "საქმითაც" გამოხატავს საკუთარ ინტერსს, რომ საქართველო დარჩეს იმ გზაზე, რომელიც მას საბოლოოდ ევროკავშირამდე და ნატო-მდე მიიყვანს. ევროპული მისწრაფება არ შეცვლილა, არ შეცვლილა არაფერი გამოთქმებში, მხედველობაში მაქვს ის, რომ ახალი ხელისუფლებისგანაც გვესმის ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულების სიტყვები. არც საქმეების მხრივ არის დიდი ცვლილებები. ასე, რომ, ჩვენი მოლაპარაკებები ასოცირებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ეკონომიკურ ინტეგრაციასაც მოიცავს, საკმაოდ კარგად ვითარდება", - განაცხადა ფულემ.
ამასთან, რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, ევროკომისარმა კმაყოფილება გამოთქვა ივანიშვილსა და პოსტიდან მიმავალ პრეზიდენტ სააკაშვილს შორის თანამშრომლობის "პირველი ნიშნებით", რაც საგარეო პოლიტიკისა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ დამოკიდებულებაში გამომჟღავნდა.
ამასთან, ფულემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია და მოუწოდა რუსეთს, პატივი სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებას და თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მშენებლობას თავი აარიდოს.