თუ შემომთავაზებენ პრეზიდენტობის კანდიდატობას, ავწონ-დავწონი და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ, - ასე პასუხობს საქართველოს განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, დათანხმდება თუ არა შეთავაზების შემთხვევაში კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭის ყრას.
მარგველაშვილის განმარტებით, ნებისმიერი მსგავსი საკითხის განხილვა კონკრეტულ კონტექსტში ხდება, რის გამოც ახლა – "ასე აბსტრაქტულად თქმა იმისა, კარგი იქნება თუ ცუდი მისთვის პრეზიდენტობის კანდიდატობის შეთავაზება", ძალიან უჭირს.
"იცით რაშია საქმე, ყველა საქმე არის საამაყო თუ მას პირნათლად ასრულებ, იქნები მასწავლებელი, განათლების მინისტრი, პრეზიდენტი, ფერმერი თუ სხვა… ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი საკითხის განხილვა ხდება რაღაც კონკრეტულ კონტექსტში. გააჩნია, სწორედ რა კონტექსტზე იქნება ლაპარაკი. ბატონი ბიძინას სიტყვას და შეხედულებას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მნიშვნელოვანია ის, თუ რას მიიჩნევს ქვეყნისთვის საჭიროდ... მე რომ მინისტრობა არ მინდოდა ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მაშინ ბიძინასთან მუშაობის ნაკლები გამოცდილება მქონდა. მას მერე ექვსი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ბიძინას შეხედულებები, აზრები და საერთოდაც ის, როგორც ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, რადგან მე ის ვნახე არა მარტო ბრძოლაში, არამედ მუშაობაშიც", - აცხადებს მარგველაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კოალიციის პოლიტსაბჭო მიმდინარე კვირის ბოლოს იმსჯელებს, გადაწყვეტილებას კი საზოგადოებას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი 13 მაისს გააცნობს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, არჩევანი ერთ-ერთ მოქმედ მინისტრზე შეჩერდება. სახელდება კონკრეტული გვარიც - განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.