იუსტიციისა და შს სამინისტროები უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის შეფასებას ეხმაურებიან

იუსტიციისა და შს სამინისტროები უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის შეფასებას ეხმაურებიან

საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ შუალედური არჩევნების შეფასებას ეხმაურებიან. როგორც აღნიშნული უწყებების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ადასტურებენ, რომ შუალედურმა არჩევნებმა მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლების ნებას გამოხატავდა. 

"ამასთან გვსურს განმარტება გავაკეთოთ განცხადებაში მითითებულ რამდენიმე გარემოებასთან დაკავშირებით: წინასაარჩევნო პერიოდში არსებული მდგომარეობა: საარჩევნო პროცესში ჩართული ოპოზიციის აქტივისტების, საარჩევნო შტაბის წევრების მასობრივი დაბარებისა და დაკითხვების შესახებ განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგანაც კომისიის პირველივე სხდომის შემდეგ, რომელზეც განხილულ იქნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომართვა-თხოვნა მათი მხარდამჭერების მიმართ საპროცესო მოქმედებების შეჩერების შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაცია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, პოლიტიკური პარტიების კანდიდატებისა და მხარდამჭერების დაკითხვისაგან თავშეკავების შესახებ, რომელიც შესრულებულ იქნა და კომისიის მომდევნო სხდომებზე ამ მიმართულებით პოლიტიკური პარტიების მხრიდან არანაირი პრეტენზია არ დაფიქსირებულა;

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნების არსებობის შესახებ ინფორმაცია გარდა კომისიისა, არც თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს მიერ არ დადასტურდა.

არჩევნების დღეს: პოლიციის ყოფნა საარჩევნო უბნის წინ - კენჭისყრის დღეს პოლიციის მხრიდან საარჩევნო უბნებთან კანონსაწინააღმდეგო აქტივობები არ ყოფილა დაფიქსირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არჩევნების დღეს საიმიჯო რეკლამის განთავსება ეთერში, რაც გარკვეულწილად ოპოზიციური პარტიის მხრიდან უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებზე მმართველი გუნდის მიმართ გამოთქმული კრიტიკის პასუხის შთაბეჭდილებას ქმნიდა - ამ თემის შუალედური არჩევნების შეფასების განცხადებაში წამოწევა უადგილოა, რადგანაც კომისიის არც ერთ სხდომაზე არ ყოფილა ამ საკითზე მსჯელობა. სხდომებზე განხილვის თემა იყო სოციალური რეკლამების განთავსება მედიაში, რასთან დაკავშირებითაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტის მიხედვით, გამოცემულ იქნა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, მოცემულ წინასაარჩევნო პერიოდში შეჩერებულიყო მედიაში სოციალური რეკლამის განთავსება, რაც შესრულდა.

რაც შეეხება ინფორმაციებს მესტიის მუნიციპალიტეტში ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან მუქარის განხორციელების, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერის ცემისა და თბილისში, ნაძალადევის N24 საარჩევნო უბანზე, მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვის შესახებ, გამოძიების შედეგად აღნიშნული ფაქტები არ დასტურდება",- აღნიშნულია განცხადებაში.