საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კორექტირებულ პროექტს აკრიტიკებს და აცხადებს , რომ კანონპროექტის წინა ვარიანტისგან განსხვავებით ის კომპრომისულია.
დავით ბერძენიშვილის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებებით შენელებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესი და ტემპები და რეალურად ეს 2014 წლის 1-ელი იანვრიდან განხორციელდება. ამ კონტექსტში დეპუტატი ყურადღებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან მიმართებაში ამახვილებს.
"ახლა საბჭო თხუთმეტი წევრისგან შედგება, რომელთაგან ექვსს რამდენიმე თვეში უფლებამოსილება ეწურება. წარმოდგენილი ვარიანტი საბჭოს ცხრა კაცით არის განსაზღვრული და ეს ვერსია რეალურად 2014 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება ძალაში შესული. თუკი ვინმეს გონია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნული ბორდის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნებზე რაიმე გავლენას მოახდენს და ამით "ნაციონალური მოძრაობა" უკეთეს შედეგს დადებს ეს მხოლოდ ილუზიაა. გარდა ამისა, ბორდის წევრების ერთი ნაწილის მხრიდან არის დიდი სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ის შემოსავალები რაც აქვთ. მოკლედ ბევრი მერკანტილური ინტერესია და ეს ყველაფერი მაუწყებლის რეფორმირების ტემპს აგდებს", – აცხადებს დავით ბერძენიშვილი. თუმცა, კრიტიკული პოზიციის მიუხედავად ის წარმოდგენილი ვარიანტისთვის მხარდაჭერას აპირებს.
პარლამენტის ორი კომიტეტი დარგობრივი პოლიტიკისა და თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტები "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტს პირველი მოსმენით განიხილავენ. წარმოდგენილი კანონპროექტით მცირდება სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და ის ნაცვლად თხუთმეტი წევრისა ცხრა წევრამდე განისაზღვრება. ასევე იცვლება სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის წესი; კერძოდ, პარლამენტი სიითი შემადგენლობით უმრავლესობით ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით აირჩევს, სამს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ასევე სამს პარლამენტის წევრთა 1/4-ზე მეტის წარდგენით, ხოლო ერთი წევრი არჩეულ იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგენით.
შემოთავაზებული კანონპროექტით საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით, რომლიც დაფინანსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთიანი ბიუჯეტიდან. ამასთან იზრდება ბიუჯეტიც და ასევე, პროექტის მიხედვით იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა და იგი განისაზღვრება სახელმწიფოს წინა წლის მშპ-ის არანაკლებ 0.14% -ით ნაცვლად დღეს არსებული 0.12% -ისა. პროექტის თანახმად მცირდება საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით განისაზღვრება.