სტუდენტების განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე ბევრ შეკითხვას თავი აარიდა.
ამის შესახებ მათ პრეზიდენტთან შეხვედრის დატოვების შემდეგ განაცხადეს, რომელიც უკვე დასრულდა.
სტუდენტი ცოტნე ჯანელიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა, თუმცა პასუხები არადამაკმაყოფილებებლი იყო, რადგან პრეზიდენტი ცდილობდა, რომ მათზე პასუხი არ გაეცა.
"მისი დღევანდელი გამოსვლა რეალურად, არაფრის მომცემი იყო. მართალია, შეკითხვები, როგორც სოციალურ თემაზე, ისე უნივერსიტეტის ავტონომიასთან დაკავშირებულ საკითხზე დაისვა, თუმცა პასუხები ვერ მივიღეთ. ასევე, ერთ-ერთმა სტუდენტმა მიმდინარე წლის 1 მაისის აქციაზე სტუდენტების დაკავებასთან დაკავშირებით დასვა შეკითხვა და პრეზიდენტისგან შეფასება მოითხოვა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიციამ სტუდენტებთან მიმართებაში ძალას გადაამეტა", - განაცხადა ჯანელიძემ.
თსუ-ის სტუდენტი თამთა გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ პრეზიდნეტმა შეხვედრაზე საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა, თუმცა ის შეხვედრით კმაყოფილი მაინც არაა.
"შეხვედრა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. განსაკუთრებული აქცენტი შრომის კოდექსზე და თსუ-ის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხზე დაისვა. ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი უფრო მეტ სტუდენტს გაუშვებდა სასწავლებლად და უფრო მეტ მათგანს დააფინანსებდა, სამომავლოდ პრეზიდენტობა კიდევ რომ შეძლებოდა", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.