"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე დასახელებულ გვარებს შორის შესაძლოა ერთ-ერთი იყოს. ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიციაში კანდიდატზე მსჯელობა საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა და უკვე შერჩეულია ღირსეული კანდიდატი.
"კანდიდატის ვინაობას ვერ დავასახელებ, რადგან არ მინდა დავარღვიო შიდა კოალიციური დისციპლინა, თუმცა 24, მაქსიმუმ 48 საათში უკვე ცნობილი გახდება თუ ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი" , – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ გამოცდილებას, ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ აუცილებელი არ არის პრეზიდენტობის კანდიდატს ღრმა პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდეს.
"მთავარია მას კარგად ესმოდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უნდა იბრძოლოს" , – აცხადებს დეპუტატი.
მისივე თქმით, კანდიდატის ვინაობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაასახელებს, რომელიც არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.