კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები საპრეზიდენტო კანდიდატებზე ღიად ისევ არ საუბრობენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, არჩევანი ერთ-ერთ მოქმედ მინისტრზე შეჩერდება. სახელდება კონკრეტული გვარიც - განათლების მინისტრი გიროგი მარგველაშვილი.
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კოალიციის პოლიტსაბჭო მიმდინარე კვირის ბოლოს იმსჯელებს, გადაწყვეტილებას კი საზოგადოებას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი 13 მაისს გააცნობს.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გიორგი ვოლსკის ინფორმაციით ხუთეულს, რომელზეც საუბარი მედიაში იყო, კიდევ სამი ადამიანი შეემატა.
"ხუთეულს, რომელზეც ლაპარაკი იყო, შეემატა სამი ადამიანი. კიდევ ერთი დღე იქნება მათზე აქტიურად საუბარი. ნებისმიერი მათგანიც რომ დასახელდეს, ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატი იქნება", - აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.
ვოლსკის გვარები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ვრცელდებოდა ინფორმაციები ვახტანგ ხმალაძის, კახა კალაძის, ირაკლი ალასანიას, არმაზ ახვლედიანის, სალომე ზურაბიშვილის, გია დვალის, დავით მაღრაძის და გიორგი მარგველაშვილის შესახებ.