ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონა დაათვალიერა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა და სხვა პასუხისმგებელი პირები.
შეხვედრის მსვლელობისას, მან შემოსავლების სამსახურის სერვისების გამართულად მუშაობის და აუცილებელი პროცედურული ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ხელმძღვანელ პირებთან მიღწეული შედეგები, ასევე სამომავლო გეგმები განიხილა.
ფოთის პორტში ყოფნისას, შემოსავლების სამსახურის უფროსი დეტალურად გაეცნო, როგორ მიმდინარეობს გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და შესაბამისი საბაჟო კონტროლის/გაფორმების პროცედურების განხორციელება. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა სტაციონარული რენტგენო სკანერით ტვირთის შემოწმებისას ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია ტვირთების დათვალიერების პროცესი უმოკლეს დროში განხორციელდეს.
უწყების უფროსმა საბაჟო დეპარტამენტის უწყებათაშორის დანაყოფს - ,,მგზავრებისა და ტვირთების/კონტეინერების კონტროლის ჯგუფს“ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტების გამოვლენისთვის და უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სატვირთოს მისაბმელის დეტალური შემოწმებისას, ცეცხლგამძლე აგურის იმიტაციის მქონე პლასტმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს. კონტეინერებში ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ჰეროინი.
ირაკლი (დაჩი) ბერაია ადგილზე გაეცნო ,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე არსებულ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მუშაობის პროცესს, რომელიც განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარიული, და ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის.
რეგიონში სტუმრობისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა ზუგდიდისა და ფოთის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები, სადაც მომსახურების დეპარტამენტის, საგადასახადო მონიტორინგისა და ვალის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.