ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი თავად ცდილობს, საზოგადოებას თავს არასწორი ინფორმაცია მოახვიოს.
ასე გამოეხმაურა მამუკა ჟღენტი "პირwელთან" საუბარში მაია ფანჯიკიძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, "პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოში კონფლიქტის საკითხი ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში არ ხვდება ამიტომ ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლების [იგულისხმება მამუკა ჟღენტი და ზურაბ ჭიაბერაშვილი] განცხადებები იმის თაობაზე, რომ რაიმე შეიცვალა და ევროპის საბჭო ამ საკითხს მხარს აღარ უჭერს, აბსოლუტურად არასწორია და მოსახლეობის დეზინფორმირებას ემსახურება".
"მე არასდროს მითქვამს, რომ 2008 წლის მერე საკითხი იყო ყველა მინისტერიალის დღის წესრიგში, ახლა კი ვიტყვი ამას: დიახ, საქართველოს საკითხი განიხილებოდა ყველა მინისტერიალზე, გარდა მოახლოებულისა. ეს ნიშნავს, რომ 2009, 2010, 2012 წლებში საკითხი შეტანილი იყო ოფიციალურ დღის წესრიგში, ხოლო 2011 წელს საკითხი დღის წესრიგში ცალკე ნამდვილად არ იყო, თუმცა მინისტრებმა მიიღეს ფორმალური გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოში კონფლიქტის თაობაზე გენერალური მდივნის მორიგ მოხსენებას მიესალმნენ. მე მერჩივნა, ესეც ყოფილიყო და დღის წესრიგიც, მაგრამ რაც იყო, ის იყო. ის, რომ საკითხი არაა და არ იქნება ამ წლის მინისტერიალის დღის წესრიგში, არის სამწუხარო ფაქტი. მთავრობის პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, არ ვამბობ, რომ ეს არის შედეგი პრემიერის PAჩE-ზე გამოსვლის. პირიქით, ეს მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც პრემიერ-მინისტმა ღიად და არაორაზროვნად განაცხადა ასამბლეის ტრიბუნიდან. ასევე, არ ვამბობ (თუმცა კი შემიძლია, ამის საკუთარი წყაროებით დაზუსტება) და არ ვსპეკულირებ, თუ რატომ არ მოხვდა საკითხი მინისტერიალის დღის წესრიგში. რამდენიმე ვარიანტი არსებობს: 1. ან არ მოვითხოვეთ შეტანა (და ეს, ჩემი შეფასებით, არასწორია და ასევე წინააღმდეგობაშია პრემიერის პოზიციასთან); 2. მოვითხოვეთ და არ გამოგვივიდა. ეს ცუდია, მაგრამ არა დრამატული, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა აგვიხსნან, რა ღონისძიებები ჩატარდა, რომ სანაცვლოდ მაინც რამე მიგვეღო. მე ვერაფერს მიღებულს ვერ ვხედავ. 3. დაგვავიწყდა/გამოგვეპარა (ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ!). გარდა ამისა, ითქვა, სხვაგან ჩავსვამთ ამ საკითხსო - სადღა უნდა ჩასვან?! ყველგან დევს. მთავარია არ ამოვიღოთ! რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, ჯერ ერთი, არსად მითქვამს, რომ რაიმე შეიცვალა და ევროპაში მხარდაჭერა არ გვაქვს. ვთქვი, რომ ძალიან ცუდია, რომ საკითხი არ ჩაიდო დღის წესრიგში. ამას მინისტრიც ეთანხმება. თუ ვინმე საპირისპიროს დამისაბუთებს, სიამოვნებით გავიზიარებ ლოგიკურ არგუმენტებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს შეუძლებელია. ქალბატონი მინისტრი თვითონ ცდილობს, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მოახვიოს. მაგალითად, 7 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მან ბრძანა, რომ "მინისტერიალის დღის წესრიგის საკითხი ჯერ არ განხილულა და მალე გვექნება შედეგი....". ახლა აცხადებს, რომ ყველაფერი გაგვიკეთებია თურმე და არ გამოვიდა. გუშინ გავაკეთეთ ყველაფერი და არ გამოვიდა?! რომელი ვერსიაა სანდო?! ერთს ვიტყვი: მინისტერიალის დღის წესრიგის არსებული პროექტი ჯერ კიდევ გასული კვირის ოთხშაბათს შეთანხმდა და ეტყობა მინისტრმა მარტო იმიტომ შეიტყო, რომ მედიაში გაჟღერდა ეს თემა. მეორე არასწორი ინფორმაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ისაა, რომ აღნიშნული საკითხი არც 2012 წლის მინისტერიალის დღის წესრიგში არ ყოფილა და არცერთ მინისტერიალზე ამ საკითხს იდენტური სათაური არ ჰქონია. 2009, 2010, 2012 წლებში სათაურები იცვლებოდა. ასე რომ, რაღაც განსხვავებულის მოგონება 2012 წლის მინისტერიალთან მიმართებაში სიმართლეს არ შეესებამება. და ბოლოს, დასმული კითხვები საჭიროებს პასუხებს და თუ ეს პასუხები არ გვაქვს, ძალზედ უსუსურია შეურაცხყოფაზე გადასვლა, მითუმეტეს, პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან", - აცხადებს მამუკა ჟღენტი.
ამასთან, ის არ ეთანხმება გამოთქმულ აზრს, რომ საქმე ევროპის საბჭოში ელჩის არყოფნით გაფუჭდა.
“ელჩი, რა თქმა უნდა, ჯობია იყოს, თუმცა, მე ვიქნებოდი იქ, თუ ჩემი წინამორბედი, არაფერს შეცვლიდა. ასევე არ ცვლის იქ ელჩის არყოფნა. ყველა გავაკეთებდით იმას, რასაც გვეტყოდნენ თბილისიდან, ხოდა, ეს მაინტერესებს ზუსტად, აქ რა მოხდა?!’’, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველოში კონფლიქტის საკითხი შეტანილი არ არის.