საქართველოს იუსტიციის მინისტრი ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერული) პირებს აქციის გონივრულად დაგეგმვისა და ზომიერებისკენ მოუწოდებს .
როგორც თეა წულუკიანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" განაცხადა, არ შეიძლება, ცივილიზებული ადამიანები უკირკიტებდნენ, ვის ვისთან სძინავს.
"ჩვენი თვალთახედვის არე უნდა მთავრდებოდეს გარკვეული ოთახის კარებთან. ხდება ასეთი რაღაცეები, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი იღვიძებს და ხვდება, რომ მოსწონს არა ქალი – არამედ კაცი. ამის გამო არ შეიძლება მას ვინმე თავს დაესხას და სცემოს, რადგან ეს არის ბარბაროსობა. მჯერა, რომ ეს არ არის ქართული საზოგადოების სახე. საზოგადოების უმრავლესობა იზიარებს, რომ ძალადობა მისაღები არ არის და ეს სირცხვილია. შეკრების თავისუფლება აქვს ყველას. თუკი ისინი არ არღვევენ კანონს. იმის მიუხედავად, როგორი მრწამსის და სექსუალური ორიენტაციის არის ადამიანი, აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, დღეს მშობლები ასეთ შვილებს სახლიდან აგდებენ და ისინი იძულებული ხდებიან, პროსტიტუციით დაკავდნენ. ასეთ ვითარებაში კი სახელმწიფომ და არასამთავრობოებმა დიდი სამუშაო უნდა ჩაატარონ იმისთვის, რათა გაჩნდეს რწმენა, რომ არსებობს აბსოლუტურად დაცული პირადი ცხოვრება.
"კანონი გამკაცრდება და დაიხვეწება, თუ საჭირო გახდება. ამ დაძაბულ კონტექსტში მათ მაქსიმალურად გონივრულად უნდა დაგეგმონ აქცია. პოლიცია დაიცავს მათ უსაფრთხოებას. თუმცა, აქცია არ შეიძლება იყოს გამომწვევი და გამაღიზიანებელი. ამიტომ მე მათ მოვუწოდებდი ზომიერებისკენ, რომ შეკრების თავისუფლება არ დაირღვეს. ძალადობას უნდა ვუთხრათ უარი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით ჯუნგლები", - აღნიშნა წულუკიანმა.