იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივებს, მოსამართლეთა კონფერენციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იწონებს.
როგორც თეა წულუკიანმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი თავისუფალი გახდა.
"სასამართლო პირდაპირ იყო დამოკიდებული პროკურატურაზე და ჩემს წინამორბედზე, რომელიც სურვილისამებრ კერავდა და ჭრიდა გადაწყვეტილებებს. 1-ელ ოქტომბერს კოტე კუბლაშვილი გახდა თავისუფალი. დღეს ჩვენ მასთან ვართ კონსულტაციის რეჟიმში - მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა დაიწყო. სააკაშვილივით კი არ დავეტაკეთ მოსამართლეებს და გავყარეთ, რაც არ უნდა დიდი ცდუნება ყოფილიყო, შემოვიტანეთ კანონებით ცვლილება და ამაში მონაწილეობა მიიღო თავად მართლმსაჯულებამ და მოსამართლეთა კორპუსმა", - აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რეფორმის საკითხები დეტალურად იყო განხილული მოსამართლეებთან. "მათ სჭირდებათ დემოკრატიული იარაღები, რათა ეს პროფესია რეალურად გახდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომავალმა მთავრობამ არ მიიღოს ის მემკვიდრეობა, რაც მე დამხვდა სამინისტროში. 7 თვე იყო მძიმე და იქნება კიდევ ასეთი თვეები, რადგან ჩვენ გვაქვს სამი ვალდებულება – ვფიქრობთ წარსულზე, მის გამოსწორებაზე, აწმყოსა და მომავალზე. ეს ძალიან რთულია", - აღნიშნა წულუკიანმა.