თბილისის მერი გიგი უგულავა პრეზიდენტობისთვის ყველაზე შესაფერის კანდიდატებად დავით ბაქრაძესა და ირაკლი ალასანიას მიიჩნევს. თუმცა, ვარაუდობს , რომ ”ოცნების” კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება.
როგორც უგულავამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, რადგან ყველაფერი პრაიმერზე გადაწყდება.
"პრაიმერის შედეგი შესაძლოა, მოულოდნელი იყოს, როგორც ჩემთვის, ისე საზოგადოებისა და ჟურნალისტებისთვის. ჩემი აზრით, პრეზიდენტის თანამდებობას ყველაზე მეტად ორი კანდიდატი შეესაბამება - "ქართული ოცნების" მხრიდან – ირაკლი ალასანია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობიდან – დავით ბაქრაძე", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ამასთან, კოალიციის პოლიტსაბჭო 11 ან 12 მაისს შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტია კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერს ჩაატარებს.