საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
"კიდევ ერთი დიდი კაცი გამოგვაკლდა – ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. თანაგრძნობას გამოვთქვამ და ვუერთდები ქართველი ხალხის მწუხარებას. ძლიერი და ღირსეული, ვაჟკაცური და რომანტიკული – ასეთი იყო ოთარ მეღვინეთუხუცესი და მისი გმირებიც მას ჰგავდნენ.
ოთარ მეღვინეთუხუცესი ჩვენი ეპოქის უდიდესი მსახიობი იყო. თითქმის არ დარჩა არც ერთი უმაღლესი პრემია და ჯილდო, რომლის მფლობელიც იგი არ იყო, მაგრამ მთავარი ჯილდო გაჰყვა თან – ხალხის დიდი სიყვარული. ყველა მის გმირს ერთი უმთავრესი რამ აერთიანებს – ჭეშმარიტების ძიება და ასეთი იყო თავადაც. მეამაყება, რომ იგი ჩემი უფროსი მეგობარი იყო.
კიდევ ერთხელ, დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონ გურანდას, მის ოჯახს და მთელს საქართველოს", - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.