"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედუუნარობაში ადანაშაულებს. როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს "პირველი რადიოს" რადიოკლუბში განაცხადა , საგარეო საქმეთა სამინისტროს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ 2013 წლის ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში აგვისტოს ომი საკითხი შესულიყო.
"მართლა მაინტერესებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანდორას, რომელიც მინისტერიალის ხელმძღვანელია, საერთოდ წერილი თუ მაინც გაუგზავნა, რომ შესულიყო ეს საკითხი დღის წესრიგში", – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მისივე თქმით, 2011 წელს სტამბულის მინისტერიალზეც არ იყო აღნიშნული საკითხი შეტანილი, თუმცა ამის საპასუხოდ, საქართველომ თურქეთს ვეტო დაუდო კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მათ ინტერესში შედიოდა.
"სხვადასხვა ქვეყნებს შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდეთ ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა-არშეტანასთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. თუ ჩვენ ერთ ყურში შევუშვებთ და მეორეში გავუშვებთ, რომ ეს საკითხი არ უნდა შევიდეს დღის წესრიგში, დამერწმუნეთ, უკუსვლას დავიწყებთ. წყალს დაასხამს რუსეთის ქმედებებზე, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა აღმოჩნდეს მსოფლიოში ვინც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას" ,– აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, გასულ წელს, როდესაც ევროსაბჭოს მინისტერიალი დიდ ბრიტანეთში ტარდებოდა, აგვისტოს ომის საკითხი ქართული მხარის მუშაობის შედეგად დღის წესრიგში მოხვდა.