საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, "პრეზიდენტი იქნება არბიტრი პარლამენტსა და მთავრობას შორის და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოების ნების გამოვლენა იქნება".
ამის შესახებ ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "დიალოგში" სტუმრობისას კითხვაზე – "ოქტომბერში ქართველი ხალხი აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრის პრეზიდენტს”, საპასუხოდ განაცხადა.
"ყველა ვარიანტში ხალხი აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი წესით; საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მათ მხარი. გამომდინარე აქედან, ჩვენს მომავალ პრეზიდენტს საზოგადოების მხრიდან ექნება მაღალი ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ამას კონსტიტუციური რეალობა დაუშვებს, პრეზიდენტი იქნება არბიტრი პარლამენტსა და მთავრობას შორის და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოების ნების გამოვლენა იქნება. ამდენად, პირდაპირი პასუხი თქვენს კითხვაზე სწორედ ესაა – ის იქნება საზოგადოების უმრავლესობის ნების გამომხატველი პრეზიდენტი", - განაცხადა ალასანიამ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მეტი საშუალება, რომ ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი გადაწყვეტილებები მიიღოს.
"მე მხარს ვუჭერ და ვთვლი, რომ საქართველოში ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკა ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით და დამოუკიდებელი სასამართლოთი იქნება სწორი მოდელი. ქვეყანას, რომელსაც რეალურად ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, მათ შორის აქვს ისეთი გამოწვევა, როდესაც ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20% ოკუპირებულია, სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მეტი საშუალება, რომ ხშირ შემთხვევაში მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება გადამწყვეტი. ასევე, მგონია, რომ როდესაც გვაქვს საქმე საპარალმენტო რესპუბლიკასთან, ძალიან რთული იქნება პარლამენტში ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც აგვარიდებს სამთავრობო კრიზისს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მაძლევს იმის საფუძველს, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკასთან დაკავშირებით, ჩემ აზრზე ვიყო", - განაცხადა ალასანიამ.