კოალიცია "ქართული ოცნების"პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობა კვირას ან ორშაბათს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ამ თემაზე პრემიერთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა "საკუთარი აზრისა და დამოკიდებულების" წინასწარ გახმოვანებისგან თავი შეიკავა.
"მე მქონდა პრემიერთან საუბარი ამ თემაზე. მან იცის ჩემი აზრი და დამოკიდებულება, თუმცა მას კონსულტაციების შემდეგ გავამჟღავნებ. არ მინდა, ეს წინასწარ გახდეს ცნობილი. მინდა, რომ კოალიციის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება. ვვარაუდობ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ცნობილი იქნება კვირას ან ყველაზე გვიან, ორშაბათს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატზე ირაკლი ალასანიამ გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერშიც ისაუბრა. ”კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია, შეიძლება ითქვას, ნანახი მაქვს. ანუ, დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახელდეს და ვის აქვს შანსი, რომ შედგეს მის ირგვლიv კონსენსუსი. ამის შესახებ გარკვეულწილად კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმა და კოალიციის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან ჩაატარა. ვიცი, რომ რამდენიმე წევრთან ჰქონდა კიდევ ასეთი საუბრები. გვინდა, რომ რაც შეიძლება ღია და გულწრფელი დისკუსიები იყოს. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით შაბათსვე. შემდეგ დაგეგმილი აქვს კოალიციის ლიდერს, რომ უმრავლესობასთან შედგეს საუბარი კვირას და ორშაბათს უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ შერჩეულ კანდიდატს. მე არ გავამხელ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატი ღირსეული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს", - აღნიშნა ალასანიამ.