საპრეზიდენტო კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია ნანახი მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან" განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით უკვე იცის, ვინ დასახელდება კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატად.
"პრაიმერი არ ჩატარდება და ერთ კანდიდატურაზე შეთანხმება მოხდება კონსულტაციების გზით. ამ საკითხს განიხილავს პოლიტიკური საბჭო და მე ამ განხილვაში, როგორც წევრი, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებ. კანდიდატების შერჩევისას სერიალის ბოლო სერია, შეიძლება ითქვას, ნანახი მაქვს. ანუ, დაახლოებით ვიცი, ვინ შეიძლება დასახელდეს და ვის აქვს შანსი, რომ შედგეს მის ირგვლის კონსენსუსი. ამის შესახებ გარკვეულწილად კონსულტაციები პრემიერ-მინისტრმა და კოალიციის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან ჩაატარა. ვიცი, რომ რამდენიმე წევრთან ჰქონდა კიდევ ასეთი საუბრები. გვინდა, რომ რაც შეიძლება ღია და გულწრფელი დისკუსიები იყოს. დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით შაბათსვე. შემდეგ დაგეგმილი აქვს კოალიციის ლიდერს, რომ უმრავლესობასთან შედგეს საუბარი კვირას და ორშაბათს უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ შერჩეულ კანდიდატს. მე არ გავამხელ ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი. დარწმუნებული ვარ, რომ კანდიდატი ღირსეული იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, თვისობრივად იცვლება დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. "ახალი რეალობა გაჩნდა, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება. "თავისუფალი დემოკრატები" ვართ და ვრჩებით მომხრე საპრეზიდენტო რესპუბლიკის. თუმცა, რეალობა როდესაც ისეთია, რომ კოალიციაში შემავალი ძალების უმრავლესობა მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკას, ანგარიში უნდა გავუწიოთ ამ რეალობას, რა რეალობაშიც დღეს ვართ. აქედან გამომდინარე, მე მხარს დავუჭერ საზოგადოების და კოალიციაში უმრავლესობის მოსაზრებას ამ ეტაპზე. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლოა მომავალში დადგეს ისეთი სიტუაცია, როდესაც ჩემი ამ იდეის ოპონენტები გაუსწორებენ თვალს ახალ რეალობას", - განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება შეკითხვას, მას, როგორც ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეს, იქნებ არ უღირს სუსტი პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი, ალასანიამ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პირდაპირ პასუხს ვერ გასცემს.
"თქვენს შეკითხვაზე პირდაპირი პასუხი რომ გაგცეთ, გულისხმობს იმას, გავამჟღავნო, საპრეზიდენტო კანდიდატებში რომელი აღარ იქნება კანდიდატი. დაველოდოთ, რამდენიმე დღეა დარჩენილი და ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ეს წარადგინოს კოალიციის ლიდერმა", - აღნიშნა ალასანიამ.