საქართველოს პრეზიდენტი "სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას აკადემიურ სფეროსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ მოთხოვნით პრეზიდენტს ილიას უნივერსიტეტისა და თსუ-ს რექტორებმა გუშინ მიმართეს.
"უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრეზიდენტი დიდი ყურადღებით ეკიდება უნივერსიტეტების ამ ინიციატივას ვეტოსთან დაკავშირებით. პრეზიდენტი დამატებით კონსულტაციებს გაივლის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადებში აცნობებს საზოგადოებას", – აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მისვე თქმით, ილიას უნივერსიტეტისა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორებმა გააკეთეს განცხადება, რომ სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები უნივერსიტეტებისთვის მიუღებელია იმ მოტივით, რომ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში სახელმწიფოს მიეცემა საშუალება, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს მოუხსნან კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და გარდაქმნან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რაც მათი აზრით, უნივერსიტეტების ავტონომიას რეალურ საფრთხეს უქმნის.
"უნივერისტეტების პოზიციით, პარლამენტის 19 აპრილის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები აჩენს უნივერსიტეტების ავტონომიურობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს და სპობს იმ საფუძველს, რაც საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში იქმნებოდა უნივერსიტეტებთან მიმართებაში. ვეტოს შესახებ მიმართვა, აღნიშნული უნივერსიტეტების რექტორების ხელმოწერით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ შემოვიდა. ცნობილია, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ გაიზარდა სწავლის ხარისხი და შეინიშნებოდა უნივერსიტეტების წინსვლა საერთაშორისო აკადემიურ რეიტინგებში. ამ კონტექსტში იმთავითვე შემაშფოთებელი იყო მთავრობის დამოკიდებულება, რომლიც ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მიმართებაში გამოიკვეთა. ამ ტენდენციამ სისტემური ხასიათი მიიიღო. საქართველოს პრეზიდენტი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საგანმანათლებლო საკითხებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ფონდი. რომლიც საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამებს დააფინანსებს", - აღნიშნა გუშინ კალანდაძემ.