საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი კოლეგებს მოუწოდებს, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავონ.
როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის პრეროგატივა არა კოალიციის რიგით წევრებს, არამედ უშუალოდ პრემიერ მინისტრს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ ზაქარია ქუცნაშვილი ასევევ უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ელისო ჩაფიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კოალიცია პრეზიდენტობის ხუთამდე კანდიდატზე მსჯელობს რომელთა შორისაც კახა კალაძე და ვახტანგ ხმალაძე არიან.
გარდა ამისა, ელისო ჩაფიძემ არ დაადასტურა, თუმცა არც უარყო, რომ საუბარი მიმდინარეობს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზეც.
"ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ცოტა ხანი თავი შეიაკავონ კანდიდატების დასახელებისგან, რადგან ბიძინა ივანიშვილს აქვს ამის პრეროგატივა. კოალიციის საპრეზიდენტო კადიდატი დასახელდება კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოზე და სწორედ ამის შემდეგ ეცნობება მის ვინაობა საზოგადოება", – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა და განმარტა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა შაბათ-კვირას გაიმართება.
უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ვანო კიღურაძის განცხადებით კი, კოალიცია "ქართული ოცნება" არსებულ პირობებში იდეალურ კანდიდატს დაასახელებს.
როგორც კიღურაძემ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კანდიდატები კოალიციას მრავლად ჰყავს.
ამასთან, თავად დეპუტატისთვის ყველაზე იდეალური იქნება ის კადიდატი, რომელიც "არაფრით არ ემსგავსება მიხეილ სააკაშვილს".
"საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება კოალიციის პოილიტსაბჭოზე. იქიდან გამომდინარე რომ დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იყო, პრეზიდენტობის კანდიდატზე არ გვიმსჯელია. ჩვენ საუბარი გვქონდა პარტიის ყოველდღიურ პრობლემებზე, წესდებაში ცვლილებებზე, პროგრამის მომზადების საკითხზე და ა.შ. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, ვფიქრობ, რომ კოალიცია ამ საკითხში ძლიერი და ერთსულოვანი იქნება, მოახერხებს, შეჯერდეს არსებულ პირობებში ყველაზე იდეალურ კანდიდატზე. ჩემი აზრით, უპირველესად ასეთი იქნება პირი, რომელიც არაფრით არ უნდა ჰგავდეს მიხეილ სააკაშვილს, იყოს კომპეტენტური, განათლებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე", – დასძინა ვანო კიღურაძემ.
კოალიცია "ქართული ოცნების" ოცნების ოფისში "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა სამი საათი მიმდინარეობდა.