რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არის სამშვიდობო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ცხოველთა ჯანმრთელობის , სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქრათველოში რიჩარდ ნორლანდმა ცენტრის დათვალიერების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობაში ამერიკულმა მხარემ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.
"ეს არის ქართული დაწესებულება და მისი მართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ, სხვადასხვა დაწესებულებებთან პარტნიორობით. ეს დაწესებულება აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და მოწოდებულია, მოიზიდოს ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის - მსოფლიო დონის ექსპერტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რათა ჩატარდეს მაღალი დონის კვლევები. ეს არის რეგიონული მნიშვნელობის დაწესებულება, გამორჩეულია და რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ აქვს", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის.
"ეს არის დაწესებულება, რომელიც ემსახურება მშვიდობიან სამეცნიერო კვლევის მიზნებს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ შეარჩიეს საქართველო აღნიშნული ცენტრის ასაშენებლად, რიჩარდ ნორლანდმა უპასუხა, რომ საქართველომ ამ ლაბორატორიის მშენებლობაში პარტნიორობის სურვილი თავად გამოთქვა. ამავდროულად, ელჩის განმარტებით, საქართველო არის ტრანზიტული ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს და რიჩარდ ლუგარი, რომელიც აღნიშნული ცენტრის აღმშენებლობით იყო დაინტერესებული, აქტიურად იყო ჩართული საქართველოსთან მოლაპარაკებებში.
"საქართველომ კი ღიად განაცხადა თანხმობა ასეთი ლაბორატორიის მასპინძლობისთვის, თუმცა მზაობას ამისთვის რეგიონის ყველა ქვეყანა არ გამოხატავდა", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.