გიორგი ფარესიშვილი ნამდვილად არ არის ღირსი, დავუჯდე და რაღაც ავუხსნა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფარესიშვილთან დამოკიდებულებაში მას ძალიან წინააღმდეგობრივი განწყობა აქვს.
"ერთი მხრივ, ეს ადამიანი მეცოდება, რადგან ის დიდი სიბინძურის მსხვერპლი გახდა, რადგან ჩემთვის ასეთი კადრების გავრცელება მკვლელობის ტოლფასია. მსგავს რაიმეს არა თუ ვემიჯნები, არამედ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მეთოდები. მე მესმოდა მისი მდგომარეობა და ამიტომაც მინდოდა მასთან შეხვედრა. ვფიქრობდი, რომ თავიდანვე იყო პროვოკაცია, მას ჩემზე დეზინფორმაციას აწვდიდნენ, რომ საბოლოოდ ეს დაედოთ და ისტორია შეეკრათ, რისი მოწმეებიც ამ დღეებში გავხდით", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, მას სურდა გაერკვია წყარო, რადგან ფიქრობს, რომ ვინც გიორგი ფარესიშვილს ამ ინფორმაციას აწვდიდა, ეს ვიდეოც მისი დადებულია.
"მინდოდა ერთად გაგვერკვია, კონფიდენციალურად, წყნარად დავმსხდარიყავით, მე მას ეს შევთავაზე, ის კი გამოვიდა, იძახა - კვერცხი, კვერცხიო. ის, უბრალოდ ძალიან პატარა ადამიანია, ნამდვილად არ იმსახურებს და არ არის ღირსი, როდესაც ასეთ სიბინძურეს ავრცელებს, დავუჯდე და რაღაც ავუხსნა", აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, იმ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია, გიორგი ფარესიშვილი არ არის მზად მასთან სასაუბროდ.
"მე დღესაც მეცოდება ის ადამიანურად", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.