განცხადებები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს ადამიანების გატაცებები გახშირდა, "ნაციონალური მოძრაობის" სამარცხვინო პროპაგანდაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, გატაცებების დინამიკა შემცირებული არ არის, სამაგიეროდ, წინანდელისგან განსხვავებით, ამჯერად ქართველებს ცხინვალის ციხეში ყოფნა უფრო ნაკლები ხანი უწევთ.
"მე ერთხელ მომიწია კიდევაც ცხინვალში ჩასვლა დამამცირებელი ვიზიტით, რათა მეთხოვა კოკოითისათვის ქართველი ახალგაზრდების გათავისუფლება. ადრე ოსები აპატიმრებდნენ და თვეების განმავლობაში ჰყავდათ ჩვენი მოქალაქეები, ხოლო ახლა რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არ გაზრდილა გატაცებების რიცხვი და ეს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" დემაგოგიაა. ზაქარეიშვილმა გაიხსენა, რომ ჯონჯოლის კრეფის გამო ხალხს ბოლო წლებშიც აპატიმრებდნენ და აღნიშნა, რომ აქ ახალი არაფერია.
"მსოფლიო კონფლიქტოლოგიის ჰედლაინებში სიტყვა "ჯონჯოლი" შევიდა იმიტომ, რომ ჯონჯოლის კრეფის გამო ადამიანებს აპატიმრებენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.