ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში აგვისტოს ომის საკითხი შეტანილი არ არის. როგორც ჟურნალისტებს დღეს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა , მინისტერიალის დღის წესრიგი ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
"დღის წესრიგში ეს საკითხი შეტანილი არ არის. მე მაინც ოპტიმისტი ვარ ბუნებით და ვფიქრობ, რომ რაღაც გაუგებრობაა, თუ არადა, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა გონიერება რომ ეს საკითხი მინისტერიალზე დააყენოს. 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა არც ერთი მინისტერიალი, ეს საკითხი რომ არ ყოფილიყო", - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატი ასევე გამორიცხავს, რომ აღნიშნული საკითხი ელჩების დაკომპლექტებასთან იყოს კავშირში, რადგან თუ ელჩი არ არის ევროსაჭოში, არ ნიშნავს რომ საელჩო არ მუშაობს.