საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმისთვის განკუთვნილი საკანონმდებლო ცვლილებები 16 ან 17 მაისს შევა ძალაში.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კვლავ თავის აზრზე დარჩება, მაშინ ის გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და კანონპროექტს თავად მოაწერს ხელს.
"სასამართლო რეფორმის კანონპროექტმა გრძელი გზა გაიარა, ვიდრე პარლამენტი ვეტოს დაძლევდა და პრეზიდენტს გაუგზავნიდა ხელმოსაწერად. ეს კანონპროექტი დევს საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე და პრეზიდენტს აქვს ვადა 15 მაისამდე, რათა მოაწეროს ხელი ამ კანონს. თუ 15 მაისს, მოსამართლის დღეს, პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ არ მოაწეროს ხელი ამ კანონპროექტს, ამ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მე მაქვს უფლება, მოვაწერო ხელი ამ კანონს და იგი შევიდეს ძალაში. მე ბუნებრივია, ამ უფლებას გამოვიყენებ. კანონი გამოქვეყნდება და ძალაში შევა 16 ან 17 მაისს. ის პროცედურები, რომელიც გასავლელია იუსტიციის საბჭოს რეფორმისთვის, დაიწყება კანონის ამოქმედებისთანავე. ამიტომ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შევახსენო ეს ფაქტი მოსამართლეებს. საქმის კურსშია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დაწყებულია საორგანიზაციო სამუშაოები მოსამართლეთა კონფერენციის ჩასატარებლად. აგრეთვე შევახსენებ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ უფლება სამ-სამი კანდიდატი წარადგინონ ასარჩევად, მათაც უნდა ჩაატარონ მოსამზადებელი სამუშაოები", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონი პარლამენტის თავმჯდომარეს ავალებს კონკრეტული გრაფიკის გამოქვეყნებას, რასაც კანონის ამოქმედების შემდეგ გააკეთებს.
"ასევე, მისი ამოქმედებიდან დაახლოებით ერთ თვეში ან თვენახევარში იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება დაკომპლექტებული ახალი წესის შესაბამისად", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.