ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრების ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაატარებს. დამოუკიდებელ ექსპერტებთან მოლაპარაკებებს დაღუპულების ახლობლების მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველი მართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატს მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს და დამოუკიდებელი ექსპერტი საქმეში უახლოეს საათებში ჩაერთვება.
"აქ საუბარი არ არის ოფიციალური ექსპერტიზის უნდობლობაზე. საუბარია იმაზე, რომ ასევე დამოუკიდებელი წარმომადგენელი იყოს ჩართული, რათა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი. ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით და პროცესში ერთ-ერთი ექსპერტი უახლოეს საათებში ჩაერთვება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, არც დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის და არც სახალხო დამცველისთვის არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა ცხედრების ექსპერტიზა ყოფილი ხელისუფლების პირობებში.
"მე არ შემიძლია რაიმე განცხადება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩატარდა, მაგრამ გამქრალია ექსპერტიზის შედეგები, ან საერთოდ არ ჩატარდა. ორივე ვერსია დასაშვებია", - განაცხადა ომბუდსმენმა.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამი ჩეჩენის ცხედრის ექსჰუმაცია მოხდა. გამომძიებლებმა დუისის სასაფლაოდან ექსპერტიზისთვის დაღუპულების - ასლან მარგოშვილის, სალამ ზაურბეკოვის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრები ამოიღეს. სპეცოპერაციის დროს დაღუპული სხვა პირების საფლავს საგამოძიებო ჯგუფი მომდევნო დღეებში გახსნის.