"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერს მაისის ბოლოს დაიწყებს და სავარაუდოდ, პრაიმერში მონაწილეობას 5 კანდიდატზე მეტი არ მიიღებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.
მაჭავარიანის თქმით, უკვე დაიწყება პრაიმერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. პრაიმერის კანდიდატებიდან, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთია ცნობილი, ამის შესახებ თავად გიორგი ბარამიძემ განაცხადა. დანარჩენი შესაძლო კანდიდატების ვინაობას მიხეილ მაჭავარიანი დღეს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ პრაიმერში მონაწილეთა რიცხვი 5-ზე მეტი არ იქნება.
"ჩვენ ვფიქრობთ ჩავატაროთ შიდაპარტიული არჩევნები პრაიმერისთვის, ეს გაიმართება რეგიონებშიც და ვფიქრობ, რომ გაიმართება სატელევიზიო დებატებიც პრეზიდენტების კანდიდატებს შორის. ამას დაახლოებით ორთვენახევარი დასჭირდება, ჩვენი კანდიდატის ვინაობა ივნისის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. პრაიმერს ამ თვის ბოლოს დავიწყებთ, ალბათ ივნისში იქნება პრაიმერის გახურებული კამპანია", - განაცხადა მაჭავარიანმა.