"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის მტკიცებით, კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად მისი კანდიდატურა არ განიხილება. ამის შესახებ ახვლედიანმა ჟურნალისტებს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა, კენჭი იყაროს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ახვლედიანის თქმით, ახლა სხვა ამოცანა აქვს და შეთავაზებას არ მიიღებს.
"კოალიციაში პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება იმას, რას ვიზამ, თუკი შეთავაზებას მივიღებ, ახლა ჩემი ამოცანაა ერთადერთი – პარტიის აწყობა. სანამ ამას არ გავაკეთებ, არ ვიფიქრებ, არც ერთ სხვა საქმეზე. შესაბამისად, ამ ლოგიკიდან გამომდინარე, შეთავაზების შემთხვევაში არ დავთანხმდები", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე განმარტებით, მისთვის უმთავრესი პირობაა, საპრეზიდენტო კანდიდატად გონებაგახსნილი ადამიანი შეირჩეს.
"ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია შეირჩეს გონებაგახსნილი ადამიანი. ესაა უმთავრესი პირობა ჩემთვის. პრეზიდენტი უნდა იყოს პირი, ვინც მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში თავი გადადოს ქვეყნისთვის. ხელისუფალთ უჭირთ თავის გადადება და უანგაროდ მსახურება ქვეყნისთვის. კანდიდატად ვისურვებდი ისეთ პირს, რომელიც ქვეყნის ისტორიაში არაერთი ჰყოლია საქართველოს – XX საუკუნის დასაწყისში - ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყიფიანი, ხოლო მოგვიანებით, 70-იან წლებში - რეზო თაბუკაშილი და სხვები", - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.