თუ კერძო საუბრის ჩანაწერი საფუძველია იმისა, რომ გადავდგე, გადავდგები, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა კობა დავითაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტიერბისას ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. მისივე თქმით, როზა ლუქსემბურგი საგინებელი სიტყვა არ არის.
"მე აღარ შევალ იმ დეტალებში, რომელიც ჩემს გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, ეს იყო სხვა თემის განხილვა, კერძო დისკუსია, მაგრამ თუ ეს გადადგომის საფუძველია, გადავდგები. სანამ გადავდგები, ერთი რამ უნდა ვთქვა- როზა ლუქსემბურგი არ არის საგინებელი სიტყვა, ეს მინდა განსაკუთრებით იმ ხალხმა ისწავლოს, ვინც სოციალურ უფლებებს იცავს, მათთვის როზა ლუქსემბურგი დიდი მნიშვნელობის ადამიანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, როგორც ის აცხადებს, მისი გადადგომის შესახებ ის სხვა მეგობრებსაც დაეკითხება.
"კობას შეხედულება, ანგარიშგასაწევია, მე სხვა მეგობრებსაც დავეკითხები და ბუნებრივია, კოლექტიურად მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უფასო ფაკულტეტებით, უფასო წიგნებით, ბავშვების ტრანსპორტირებით, მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდით ნათლად გამოვავლინე ჩემი ღირებულებები რაც მაქვს. თუ მაინც საჭიროა რომ გადავდგე, კობასთან ერთად სხვა მეგობრებსაც დავეკითხები და მივიღებ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მარგველაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ გიორგი მარგველაშვილი შრომის კოდექსს მიუღებელად მიიჩნევს, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს.
დავითაშვილის განცხადებით, შრომის კოდექსი მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მასში თავად მარგველაშვილიც მონაწილეობდა.
"სამწუხაროა, რომ მისი განცხადების კონტექსტი უკავშირდებოდა პირველი მაისის აქციას და მან სტუდენტები ერთმნიშვნელოვნად დაადანაშაულა პოლიციასთან შეჯახებაში და თქვა, რომ ისეთი კოდექსი შეიტანეს, რომელიც როზა ლუქსემბურგის ოცნება იყო. გეგონება ამ მთავრობის ვიცე-პრემიერი თვითონ არ იყოს", - განაცხადა დავითაშვილმა.