შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო შიდა ტურნირი კალათბურთისა და მინი-ფეხბურთის ჩემპიონატებით გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის კალათბურთის მატჩს სამინისტროს წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წევრები დაესწრნენ.
ტურნირი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა სპორტულ დისციპლინას მოიცავს. ესენია: მინი-ფეხბურთი, კალათბურთი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ცურვა, ჭიდაობა, ძიუდო, მარათონი-ესტაფეტა და პისტოლეტიდან სროლა. სპორტულ ტურნირში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობენ.
საგაზაფხულო ტურნირი 21 მაისს დასრულდება. შსს-ს გადაწყვეტილებით, მსგავსი ტურნირები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
შსს-ს სპორტული ტურნირის მიზანია, ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს შორის პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.