რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაქოში ჩასვლის წინ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გააკეთეს "ძალიან უცნაური განცხადება" იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და, როგორც სერიოზულ ალტერნატივა, განიხილოს რუსეთის გაზის შემოტანა.
"რუსეთიდან ჩვენ მცირე რაოდენობის გაზი მთელი ეს პერიოდი ისედაც შემოგვქონდა, როგორც სომხეთში ტრანზიტის საფასური. მაგრამ, რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი კურსის ფუნდამენტური გადახედვა. ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლებში, არის ის, რომ მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხა პრაქტიკულად ვერავინ აღმოსავლეთ ევროპაში, ვერც უკრაინამ წინა წლებში, ჩვენ გავხდით რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლები. დღეს, როდესაც უკრაინამაც კი დაიწყო სხვა წყაროებიდან გაზის შეტანა, როდესაც მთელი ევროპა ცდილობს, თავი დააღწიოს რუსეთისგან დამოკიდებულებას, საქართველოს საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას მძიმე წარსულში. ჯერ ერთი, აზერბაიჯანის გაზი რამდენჯერმე იაფია, ვიდრე - რუსული, მეორე - აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესია საქართველოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რადგან ეს ნიშნავს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და სტაბილურობას და ამიტომ იაფად გვაძლევს გზას. რუსეთის ინტერესია მეზობლებზე კონტროლის დამყარება და ამაში ენერგობერკეტის გამოყენება. აქ ველოსიპედს ვერავინ ვერ გამოიგონებს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ალტერნატიული წყაროები, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ თურქმენეთთან, ყაზახეთთან და რუსეთი ამ მხრივ ვერანაირად ვერ გამოდგება. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი წყარო, რომლის მესვეური გადაწყვეტს, როგორც ეს მოსდა რამდენიმე წლის წინ, რომ არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკა და ზამთრის ერთ სუხიან ღამეს ჩაგვაბნელებს, გაგვყინავს და მიწასთან გაგვასწორებს",-განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე პრემიერისგან ამომწურავ განმარტებას ელოდება.
განცხადება რუსული გაზის შესაძლო შემოტანის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გააკეთა.