2008-2012 წლებში სახელმწიფოს ქონება, იურიდიულ პირებთან ერთად, ფიზიკურმა პირებმაც აჩუქეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანდართული დოკუმენტების მიხედვით, ლიანა ისაკაძემ 2008 წელს სახელმწიფოს ბორჯომში 50 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონება - "პლატო" აჩუქა.
გარდა ამისა, ფიზიკური პირები სახელმწიფოს მოძრავ ქონებას, მათ შორის ძვირად ღირებულ ავტომობილებსა და ცეცხლსასროლ იარაღსაც ჩუქნიდნენ.
ირაკლი ოქრუაშვილმა 2010 წელს სახელმწიფოს ავტომანქნა ლენდ როვერ რეინჯ როვერი აჩუქა, რომლის ღირებულებაც 60 000 დოლარს შეადგენდა.
ავტომანქანა სახელმწიფოს ფიზიკურმა პირმა მიხეილ ჟორჟოლიანმაც აჩუქა. 72119,95 ლარად შეფასებული ავტომანქანა VOLKSWAGEN TOUREG ჟორჟოლიანმა სახელმწიფოს 2008 წელს აჩუქა.
რაც შეეხება ცეცხლსასროლ იარაღს, ფიზიკური პირების სახელმწიფოსთვის იარაღის ჩუქების რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული. მათ შორის ნიკოლოზ კეჩხუაშვილმა 5000 ლარად შეფასებული "მაკაროვი", ხოლო სოსო არჩვაძემ 4900 ლარად შეფასებული პისტოლეტი აჩუქა საახელმწიფოს.
იარაღს სახელმწიფო საჩუქრად იურიდიული პირებისგანაც იღებდა. მათგან ყველაზე დიდი რაოდენობით იარაღი – 110 ერთეული პისტოლეტი სახელმწიფოს შპს "მაგნუმმა" აჩუქა. შპს "საქართველოს ავიახაზებმა" კი, სახელმწიფოს ხუთი ერთეული იარაღი, მათ შორის ორი CZ-85, ორი GLOK-17 და ერთი MAKAROVI აჩუქა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" "საერთაშორიოს გამჭვირვალობა საქართველოში" განუცხადეს, ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილ დოკუმენტაციაში მჩუქებელი ფიზიკური პირების მხოლოდ სახელი და გვარია მითითებული და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები მოცემული არ არის.
სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქების შემთხვევები "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2008-2012 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ 5 565 756,73 აშშ დოლარი და 25 338 041,86 ლარი შეადგინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით აღნიშნულ წლებში ყველაზე ხშირად სახელმწიფოს ძვირადღირებულ ავტომობილებს ჩუქნიდნენ, ასევე დაფიქსირებულია უძრავი ქონებისა და წილების ჩუქების მრავალი შემთხვევა.