ბაჩო ახალაიას ადვოკატები დაინტერესდნენ, იყო თუ არა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული სტატუსის მქონე ზვიად აბესაძე კუდ-ის აგენტი. აღნიშნული კითხვით ახალაიას ადვოკატებმა ზვიად აბესაძეს დღევანდელ პროცესზე მიმართეს, სადაც მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის სისხლის სამართლის საქმეს განიხილავენ.
ადვოკატები, ასევე, დაინტერესდნენ, იყო თუ არა ლევან გაჩეჩილაძის ორგანიზებულ აქციაზე ზვიად აბესაძე ჩანერგილი კუდ-ის მიერ. კონკრეტულად, ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ზვიად აბესაძეს მიმართა შეკითხვით - "იყავით თუ არა გოგა ონიანისა და დავით კუხიანიძის აგენტი და ჩანერგილი გაჩეჩილაძის მიტინგზე". აღნიშნული შეკითხვა ზვიად აბესაძემ უპასუხოდ დატოვა.
ასევე, ადვოკატები დაინტერესდნენ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ზვიად აბესაძის პირველი ჩვენების შემდეგ, სად დაიწყო მისმა შვილმა მუშაობა. ზვიად აბესაძემ აღნიშნა, რომ მანამდე მისი შვილი თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, მას შემდეგ კი, მუშაობა დაიწყო სტაჟიორად პოლიციაში.
ამჟამად, საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე ზვიად აბესაძის მეუღლის, ცირა დოღონაძის დაკითხვა მიმდინარეობს, რომელმაც ზვიად აბესაძის მსგავსად განაცხადა, რომ მისი მეუღლე ბაჩო ახალაიამ, გიგი კალანდაძემ და კიდევ რამდენიმე პირმა ორთაჭალაში რესტორანში სცემეს, რის შესახებაც ქმრისგან მომხდარიდან დაახლოებით 10 დღეში შეიტყო.