დაზარალებულ ზვიად აბესაძის განცხადებით, მას ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი შესთავაზეს.
ამის შესახებ აბესაძემ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ მასთან მივიდა კუდ-ის თანამშრომლეი შალვა ვაშაკიძე და უთხრა, რომ ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს სთავაზობდნენ.
აბესაძის განცხადებით, მან შეამჩნია, რომ ვაშაკიძე კამერით იყო აღჭურვილი და პოლიცია ჩააყენა საქმის კურსში. მისივე თქმით, ვაშაკიძე მტკიცებულებების არქონის გამო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს.
"როგორც ვიცი, მტკიცებულების არქონის გამო მისი ბრალეულობა არ დადასტურდა, მაგრამ არც ის დადასტურდა, რომ ჩემთვის ეს არ შემოუთავაზებია", - განაცხადა აბესაძემ.
ბაჩო ახალაიას ადვოკატი დაინტერესდა, იყო თუ არა ნასამართლევი აბესაძე ყაჩაღობის ბრალდებით, რაზეც აბესაძემ განაცხადა, რომ იგი 2005 წელს 1995 წელს მომხდარი ყაჩაღობის გამო დაიჭირეს.
"მაშინ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩემთვის ბიზნესი წაერთმიათ. მიშას ძმამ და ოქრუაშვილმა მე ლუდი "ბალტიკა" წამართვეს, ასევე სურდათ წყნეთში მიწა წაერთმიათ. ვაპირებ შევიტანო სარჩელი პროკურატურაში, იმ პროკურორებისა და გამომძიებლების წინააღმდეგ, ვინც მაშინ ამ საქმეში მონაწილეობდა და მოვითხოვო გამამართლებელი განაჩენი", - აღნიშნა აბესაძემ.
გარდა ამისა, დაცვის მხარე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა ზვიად აბესაძე დავით კუხიანიძეს და იყო თუ არა იგი გოგა ონიანისა და კუხიანიძის აგენტი და გაჩეჩილაძის მიტინგზე ჩანერგილი.
აბესაძის განმარტებით, მას ოპოზიციასთან გარკვეული ურთიერთობები ჰქონდა, მათ აფინანსებდა კიდეც, რის გამოც აბესაძის თქმით, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
აბესაძის დაკითხვის შემდეგ დაცვის მხარემ ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული სხვა საქმისა და დღევანდელი ბრალდების გაერთიანების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ საქმეების გაერთიანების შემთხვევაში დღევანდელ საქმეზე 7 აგვისტომდე განაჩენის დადგომა შეუძლებელი გახდებოდა.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე აბესაძის მეუღლე, ცირა დოღონაძე დაიკითხა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა 2011 წლის 13 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებს ზვიად აბესაძე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.