მმართველმა გუნდმა შესაძლოა, დროებით საპარლამენტო კომისიის დაკომპლექტების და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესს გადახედოს. ეს კი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასა და მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
საქმე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამეტით დადგენილ ნორმას ეხება, რომლის მიხედვით, კომისიის შემადგენლობაში კვოტები ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და ფრაქციებს გარეთ მყოფ დეპუტატებს შორის პროპორციულად ნაწილდება. ამასთან, რეგლამენტი პირდაპირ ადგენს, რომ დროებით კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.
სწორედ ამ პრინციპის დაცვით დაკომპლექტდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილი კომისია, სადაც კვოტები ფრაქციებს შორის პროპორციულად გადანაწილდა. მასში საპარლამენტო უმრავლესობა უმრავლესობით წარმოდგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველ გუნდს კომისიაში გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტები არ გააჩნია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, ის, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში უპირატესობა ოპოზიციას უნდა ჰქონდეს, მისაღები და გასაგებია პრინციპია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში შექმნილია "საინტერესო სიტუაცია", რადგან კომისიის მიერ შესასწავლი ობიექტი არის სტუქტურა, რომელიც წლების განმავლობაში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პირობებში საქმიანობდა.
"როცა აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიღაც სტრუქტურის საქმიანობის მიმართ კითხვები და ეჭვები ჩნდება, ცხადია, ხელისუფლება შეეცდება, მის მიერ შექმნილ სტრუქტურას ხელი დააფაროს. ამიტომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აქვს საშუალება, ესა თუ ის საკითხი შეისწავლოს. ის, რომ ოპოზიცია კომისიაში გარკვეული უპირატესობით არის წარმოდგენილი, ამის მიზანი ისაა, რომ კომისიაში უმრავლესობა არ ჰქონდეს უმრავლესობას - ანუ ხელისუფლებას. ეს პრინციპი იდეაში სწორია, მაგრამ დღეს საინტერესო კაზუისტიკა მივიღეთ. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ წინა ხელისუფლების მიერ შექმნილ და დაკომპლექტებულ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას ვიძიებთ. რთულ სიტუაციაში ვართ იმ მხრივ, რომ საპარლამენტო კომისიამ იმ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა უწევს, რომელიც ამჟამად უმცირესობაშია და საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს. სადღეისოდ კომისიის ფორმირების წესის შეცვლა მართებული არ იქნება, მაგრამ პროცესები დაგვანახებს თუ როგორ განვითარდება მოვლენები - თუკი კომისიის მუშაობისას აღმოჩნდა, რომ საკითხი არის რთული, კომისიის ნაწილმა სერიოზულ დარღვევებთან და დანაშაულებთან დაკავშირებით ფაქტები დადო, ხოლო კომისიამ სათანადო გადაწყვეტილებები არ მიიღო, მაშინ შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დავით საგანელიძემ.
მან იმედი გამოთქვა, რომ კომისია დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს, ხარვეზებს სერიოზულად ნახავს და ობიექტურად იმუშავებს.
ცნობისთვის, 12 წევრისგან შემდგარ კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობას 6 წევრი ჰყავს. დანარჩენი ექვსი ადგილი უმცირესობის წევრებსა და "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ მაჟორიტარებს შორის გადანაწილდა.