ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ არის ია-ვარდით მოფენილი, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა საჯარო ბიბლიოთეკაში, ევროპის კვირეულის გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის საკმაოდ რთულად გასავლელი. ამასთან, ელჩი აცხადებს, რომ როდესაც მისი კოლეგები თბილისში ჩამოდიან, ამბობენ, რომ დღეს თბილისი არის ევროპული ქალაქი. "უფრო მეტად ევროპულიც, ვიდრე ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქალაქი", - განაცხადა დიმიტროვმა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროპის კვირეულის მსგავსი ღონისძიება, საქართველოს გარდა, მრავალ სხვა ქვეყანაშიც იმართება. რაც შეეხება გამოფენაში ახალგაზრდების ჩართულობას, დიმიტროვის განცხადებით, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
ევროპის კვირეული დღეს გაიხსნა და 11 მაისამდე გაგრძელდება, ხოლო ბიბლიოთეკაში ესსების, ფოტოებისა და ნახატების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, დავით ზურაბიშვილმა.