საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება იმ პროექტებზე გამახვილდა, რომლებსაც ქართული და აზერბაიჯანული მხარე ერთობლივად ახორციელებს.
კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და ილჰამ ალიევი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის საკითხებს შეეხნენ და აღნიშნეს, რომ ამ სარკინიგზო მაგისტრალს ორივე ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ლიდერების განცხადებით, ამ გზით საქართველო და აზერბაიჯანი ევროპას დაუკავშირდება, რასაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სტრატეგიული დატვირთვა აქვს და რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.